ადვოკატი აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები პროცედურული დარღევებით წარიმართა
ადვოკატი აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები პროცედურული დარღევებით წარიმართა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. თბილისის საცხოვრებელი სახლიდან დაყადაღებულია და ამოღებულია მათ საკუთრებაში მყოფი სამი ავტომანქანა.

გოგაშვილის ოჯახის ადვოკატის, დიმიტრი ღონღაძის განცხადებით, საპროცესო მოქმედებები უკანონოდ, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. უფლებადამცველის განმარტებით, მათ კანონით გათვალისწინებულ ვადებში არ გადასცემიათ სასამართლოს განჩინება ასევე, საპროცესო მოქმედებების დროს შედგა მხოლოდ დაყადაღების ოქმი, ამოღების დოკუმენტი კი არ შედგენილა. ასევე, ავტოტექნიკა სპეციალურ სადგომზე დალუქვის გარეშე გადაიყვანეს. ოჯახის უფლებადამცველის განცხადებით, აღნიშნულ დარღვევებს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„მთავარი დარღვევა არის ის, რომ უკანონოდ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში. დღეს გავასაჯაროეთ დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ერთხელ უკვე გამოძიებულ იქნა იოსებ გოგაშვილის შემოსავლების კანონიერების საკითხი და გამოძიების შედეგად რაიმე შედეგი არ დამდგარა. ამის შესახებ თავის დროზე იოსებ გოგაშვილმა დოკუმენტი მიიღო, რისი გასაჯაროებაც მოხდა. შესაბამისად, სამართლებრივად ძალიან ძნელია რა ვუწოდოთ აქ მიმდინარე გამოძიებას. ალბათ, მას შეიძლება, დავარქვათ რომ მიმდინარეობს ერთხელ გამოძიებულის მეორედ გამოძიება. რაც შეეხება დღევანდელ პროცედურებს, რა საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა დღეს, იოსებ გოგაშვილის მეუღლეს, მის შვილებს სუს-ის გამომძიებელმა წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ავტომანქანებზე, ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე. გამომძიებელმა შეადგინა ყადაღის ოქმი თითოეულ მანქანაზე, რის შედეგადაც ეს მანქანები წაიყვანეს. მთავარი დარღვევა იყო ის, რომ განჩინება მიღებულ იქნა სამი დღის წინ. საპროცესო ნორმის თანახმად, განჩინება ქონების ყადაღის თაობაზე უფლებამოსილ პირს უნდა ეცნობოს 48 საათის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ პროცედურა უკვე მიმდინარეობს უკანონოდ. რაც შეეხება უშუალოდ ყადაღის ოქმის შედგენის პროცედურებს, შენიშვნის სახითაც მივუთითეთ, რომ შედგენილ იქნა მხოლოდ ყადაღის ოქმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამოღების ოქმი არ შედგენილა. ყადაღის პროცედურა აუცილებლად გულისხმობს, რომ მოძრავი ნივთი უნდა დათვალიერდეს, დაყადაღდეს და დაილუქოს. ნივთის დაყადაღება ისე მოხდა, რომ მოძრავი ნივთი არ დალუქულა. ამ საპროცესო დარღვევების თაობაზე ჩვენ შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს მივმართავთ, გავასაჩივრებთ, გამოვიყენებთ ყველა ინსტანციას და ბოლოს რა ეს ყველა დარღვევა ერთად თავს მოიყრის სტრასბურგის სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა.

ანტიკორუფციული სამსახურის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლო განჩინების საფუძველზე, შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გოგაშვილის ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის წევრების მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღეს და ამოიღეს.

სუს-ის თანამშრომლის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა თბილისში, იმერეთსა და კახეთში.