ადვოკატების ნაწილმა კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძე“ ფარგლებში, ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
„აიცილე ლევან მურუსიძე“, ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში ადვოკატების ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიციას ამ ეტაპზე 30 უფლებადამცველი აწერს ხელს.
იურისტების ნაწილი ითხოვს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ სიაში მყოფი მოსამართლეები სასამართლო სისტემას ჩამოშორდნენ. აღნიშნული მოთხოვნით პეტიციას პარლამენტსა და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს გაუგზავნიან.
იურისტი გიგი სისვაძე ასევე მოუწოდებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე და შეუერთდეს კამპანიას.
„ადვოკატები უნდა გავერთიანდეთ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, ვინ რომელ მხარს ვართ. არიან ადამიანები, რომლებიც ღიად გვიცხადებენ მხარდაჭერას. ეს იქნება ღია, გამჭირვალე კამპანია, რომელიც გამოავლენს სასამართლოს მანკიერ მხარეებს. რეალური სამართლებრივი ინსტრუმენტი ჩვენ ხელშია. შეგვიძლია, რომ ხვალინდელი მართლმსაჯულების განვითარებაში შევიტანოთ წვლილი და ამისთვის უკან არავინ უნდა დაიხიოს. ეს დოკუმენტი იქნება ინსტრუმენტი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ქართული მართლმსაჯულების ბედს“, – განაცხადა გიგი სისვაძემ.
ადვოკატი სალომე აბესლამიძე ამბობს, რომ კამპანიის ფარგლებში მათზე მუქარა განხორციელდა იუსტიციის საბჭოს წევრებისგან.
„მუქარა ვრცელდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით ეს იყო შემაშფოთებელი. თითქოსდა ჩვენ ადვოკატებს 500 ლარიან ჯარიმას დაგვიწესებდნენ შუამდგომლობის დაყენებაზე. სასამართლო სისტემა, ოდიოზური პირები, მოსამართლეები სხვა მოსამართლეებს უგზავნიან მესიჯებს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხოთ აცილებების დაყენება სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა სალომე აბესლამიძემ.