ადვოკატების ინფორმაციით, გატაცების ბრალდებით დაკავებული 10 პირიდან სამი გაათავისუფლეს
ადვოკატების ინფორმაციით, გატაცების ბრალდებით დაკავებული 10 პირიდან სამი გაათავისუფლეს

ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით დაკავებული 10 პირიდან სამს პროკურატურამ ბრალი არ წაუყენა. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გუშინ ოთარ გელაძე, ნიკა ქავთარაძე და მარინა ესაძე გაათავისუფლეს.

ადვოკატების თქმით, სამივე მათგანი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ პროკურორები. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სამი ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

დანარჩენი შვიდი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.

მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი 18 ოქტომბერს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა და ოჯახში უვნებლად დააბრუნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

არსებული ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.