ადვოკატ ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველს“ ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის
ადვოკატ ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი „ტვ პირველს“ ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი სასამართლოს სარჩელით მიმართავს და ითხოვს, ცილისწამებად იქნეს აღიარებული „ტვ პირველის“ გადაცემაში, „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ამის შესახებ მედიასაშუალებებს დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა აცნობა.

„დღეს ჩვენ სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ სასამართლოს მიერ ცილისწამებად იქნეს აღიარებული ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გადაცემაში, „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტი, რომელიც შპს „ღარიბაშვილის მარანსა“ და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანიას შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას ეხებოდა. ეს სიუჟეტი არის ნათელი მაგალითი იმ წინასწარ დაგეგმილი ცილისწამების კამპანიისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებს „ტვ პირველი“ და კონკრეტულად გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის მიმართ.

ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ სიცრუესა და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, კანონით დადგენილი წესით, თავად „ტვ პირველმა“ აღიაროს, რომ ეს სიუჟეტი იყო სიცრუე. საზოგადოება კარგად დაინახავს, რომ როგორც ქარხნის შეძენა ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მიერ, ისე შემდგომში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ფრანგ ინვესტორთან, სრულად შეესაბამება კანონმდებლობას და რომ მთელი ეს ცილისწამების კამპანია ემსახურებოდა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის დისრკედიტაციის მცდელობას“, – განაცხადა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.

შეგახსენებთ, 2024 წლის 6 აპრილს „ტვ პირველის“ გადაცემაში, „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის კუთვნილ კომპანიასა და ფრანგი ინვესტორის მიერ დაფუძნებულ კომპანიას შორის დედოფლისწყაროს რაიონში არსებული ღვინის ქარხნის გრძელვადიან იჯარის ხელშეკრულებაზე. გადაცემის ავტორის მოსაზრებით, ამ ქარხნის შეძენა და შემდგომში იჯარით გაცემა შესაძლო კორუფციულ სქემებს უკავშირდებოდა, რასაც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი აპროტესტებს და სასამართლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად სარჩელით მიმართავს.