ადმირალი ჯეიმს ფოგო - საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაწევრი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამშვიდობო მისიებში
ადმირალი ჯეიმს ფოგო - საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაწევრი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამშვიდობო მისიებში

საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაწევრი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამშვიდობო მისიებში, – ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალმა ჯეიმს ფოგომ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

ჯეიმს ფოგოს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის საქართველო უნიკალური პარტნიორია.

„ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე როგორც ორმხრივ, ასევე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ფარგლებში. ალიანსისთვის საქართველო უნიკალური პარტნიორია. ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალები უკეთ არის შეიარაღებული. ჩვენი დისკუსიის უმეტესი ნაწილი დაეთმო საზღვაო ოპერაციებს, წვრთნებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად. სტანდარტები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველომ ამით უნდა იამაყოს.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატო-ს ძალების გვერდით დგას. ასევე საქართველოს წვლილი შეაქვს რეაგირების ძალების ოპერაციებში. საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაწევრი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამშვიდობო მისიებში. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია პოლიტიკურ დონეზე განიხილავს საქართველოს შესაძლო წევრობას ალიანსში“, – განაცხადა ჯეიმს ფოგომ.

ადმირალმა ჯეიმს ფოგომ ასევე ისაუბრა ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებზე, რომელიც საქართველოში გაიმართა.

„დღეს სიმულაციების ნაწილი ამოიწურა და ძალიან მოხარული ვარ, რაც ვნახე. განსაკუთრებით, რაც ეხება ოფიცრების პროფესიონალიზმს. როდესაც ვესაუბრებოდი ჩვენს სერჟანტებს, მათ შეუძლიათ, მაღალ დონეზე შეასრულონ ფუნქციები. ეს არის არაჩვეულებრივი პლატფორმა პროცედურების, თუ სხვა საკითხების გაზიარების, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას პოტენციური აგრესორების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯეიმს ფოგომ.