„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეთანხმება ოპოზიციის შენიშვნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის საზოგადოებასთან.
„ვეთანხმები ოპოზიციის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ასეთი კანონის გამოტანა პირველივე სხდომაზე, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა ახალმიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას. ვიზიარებ ასევე იმ აზრს, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ, მაქსიმალურად უნდა მიეღოთ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში. ეს პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები გაზიარებული ყოფილიყო მოქალაქეების მიერ. კომუნიკაციის ნაკლელობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებების და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების არჩეული პროცედურა არგუმენტების წარდგენის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას ნაკლებად იძლეოდა.
„ვიზიარებ იმასაც, რომ როდესაც საზოგადოება 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას – ამნისტიის, სასამართლო რეფორმისა და საარჩევნო კოდექსის, ამ ფონზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება შეიძლება, პოლიტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული. ამდენად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავდი ვეტოს გამოყენებას, თუმცა ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაცრად მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებს. ამ კუთხით ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსიტუტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც სამართლებრივი პრინციპის დარღვევად, ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულვებელყოფად. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყოს.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელზეც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის სტაბილურობა და წესრიგი დგას. მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა აუცილებელი სამოქალაქო ვალია, თუმცა ეს არ მიიღწევა მხოლოდ სანქციებით და ჯარიმებით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მომზადებული ცვლილებების თანახმად, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ახლებურად ყალიბდება სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები (173-ე მუხლი). კანონპროექტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. კანონის დღემდე მოქმედი რედაქციით, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ამასთან, ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის ფაქტზე ფულადი ჯარიმები ორმაგდება (166-ე მუხლი). ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 3 500 ლარიდან 4 500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
ასევე, იცვლება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა და 48 საათიდან 24 საათამდე მცირდება.