ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო, „რესი“ ე.წ. სანიტარულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველა ადამიანი იზოლირებულია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საერთო ჯამში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 22 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 14 რუსული სასწავლებლის კადეტია, შვიდი სამოქალაქო პირი და ერთი სამხედრო მოსამსახურე.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში 48 ტესტი გაკეთდა და ხუთი დადებითი პასუხი დადასტურდა. ოკუპირებულ რეგიონში, კარანტინში 267 ადამიანი იმყოფება, 43 ადამიანი კი თვითიზოლაციაშია.