მოსახლეობა აცხადებს, რომ ყიფიანის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა დავით ნარმანიას დროს გაიცა
მოსახლეობა აცხადებს, რომ ყიფიანის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა დავით ნარმანიას დროს გაიცა

ჭონქაძისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე მშენებლობის ნებართვა თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დროს გაიცა, – ამის შესახებ პირველ არხს ყიფიანის ქუჩის მცხოვრებლებმა განუცხადეს.

მათივე თქმით, მშენებლობას ნებართვის გაცემის დღიდან აპროტესტებენ და სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, კლდე დილის 08:00 საათზე ჩამოიშალა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საკითხის შესწავლა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა.

ამასთან, სამშენებლო კომპანია „ჯიდიჯის“ დირექტორმა, ბეჟან წაქაძემ პირველ არხს განუცხადა, მიმდინარეობს კონსტრუქტორებთან და გეოლოგებთან მუშაობა, რათა დადგინდეს ჩამონგრევის მიზეზები და შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდეს. სწორედ „ჯიდიჯი“ აშენებს აღნიშნულ ტერიტორიაზე, კერძოდ ჭონქაძისა და ყიფიანის ქუჩების კვეთაზე სასტუმროს.

კლდის ჩამონგრევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.