მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე უკვე მეოთხედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც 2017 წლის დრაფტის მონაწილე კალათბურთელს სოლიდური კონტრაქტი გაუფორმეს. დეაარონ ფოქსის, დონოვან მიჩელისა და ჯეისონ ტატუმის შემდეგ სუპერ კონტრაქტს ბამ ადებაიოს გაუფორმებენ.
ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ „მაიამიმ“ 23 წლის ცენტრთან მიაღწია შეთანხმებას და უახლოეს დღეებში 5-წლიან, 163 მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს. წყაროს ცნობით, ადებაიომ შესაძლოა 195.6 მილიონი დოლარიც კი გამოიმუშავოს.
2019-20 წლების რეგულარულ სეზონზე ადებაიო მატჩში საშუალოდ 15.9 ქულას, 10.2 მოხსნას, 5.1 პასს, 1.3 ბლოკსა და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა. პლეი ოფებში კი ადებაიომ თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესა და „ჰიტის” გამარჯვებებში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა.