„მაიამიმ“ „ბოსტონთან“ სერიაში სერიოზული უპირატესობა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში გრძელდება აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ფინალები. აღმოსავლეთში გამთენიისას მორიგი შეხვედრა გაიმართა. „ბოსტონ სელტიქსმა“ საკუთარ დარბაზში „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა და 105:111 დამარცხდა.

„მაიამის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა ჯიმი ბატლერმა. მან 27 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა. ბატლერს მხარი ქეილებ მარტინმა (25 ქულა) და ბემ ადებაიომ (22 ქულა, 17 მოხსნა, 9 პასი) აუბეს.

„ბოსტონის“ რიგებში საუკეთესო მექულე ჯეისონ ტეიტუმი გახდა, უკანახაზელმა 34 ქულა ჩააგდო. ჯეილენ ბრაუნს 16 ქულა ჰქონდა, ხოლო მალკომ ბროგდონს – 13. აღსანიშნავია, რომ ტეიტუმმა და ბრაუნმა უკანასკნელ მეოთხედში თამაშიდან ზუსტი ტყორცნა ვერ შეასრულეს და ჯეისონმა 5 ქულის დაგროვება მხოლოდ საჯარიმოს ხაზიდან მოახერხა.

შედეგად, „მაიამიმ“ მეტოქის დარბაზში 2 თამაში მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მომდევნო შეხვედრა 22 მაისს ფლორიდაში, „ჰიტის“ საშინაო არენაზე შედგება.