ადამიანთა ადრეული ცივილიზაციების აღმასვლა მტვერმა განსაზღვრა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთში ადამიანების გავრცელებას შეიძლება ერთი ძალიან მარტივი სუბსტანცია დაეხმარა — მტვერი.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, როგორც ჩანს, ლიოსის სახელით ცნობილმა შლამიანი დანალექმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთი სანაპიროს — სამხრეთ ლევანტის წარმოქმნაში, რომელიც ჩვენი წინაპრებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი და სტუმართმოყვარე დერეფანი აღმოჩნდა აფრიკიდან მიგრაციის დროს.
მკვლევართა განცხადებით, ამ რეგიონის ამ სახით განვითარების გარეშე, ადამიანებს აფრიკიდან ევრაზიაში გამოსვლა გაცილებით გაუჭირდებოდათ.
არსებობს მიზეზი, რის გამოც ეგვიპტიდან ერაყის ერაყამდე გადაჭიმულ უძველეს მიწას ნოყიერ ნახევარმთვარეს უწოდებენ.
„ლანდშაფტში დალექილმა დიდი ოდენობით შლამიანმა დეპოზიტებმა უნიკალური წვლილი შეიტანა სამხრეთ ლევანტში მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებაში, რამაც ლევანტი „რძისა და თაფლის მიწად“ და ცივილიზაციათა აკვნად აქცია“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ახალი კვლევა რამდენიმე აღმოჩენას გვთავაზობს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ამჟამინდელ ჰიპოთეზას იმის შესახებ, თუ რატომ არის ხმელთაშუა ზღვის გარშემო რეგიონებში ასე ძლიერ სხვადასხვაგვარი ტიპის ნიადაგები. როგორც ცნობილია, სქელი, ნოყიერი ნიადაგი ძირითადად წარმოიქმნება ტენიან კლიმატში, მშრალ რეგიონებში კი თხელი ნიადაგი; ამ რეგიონში კი ეს ყველაფერი პირიქით არის.
ზოგიერთი ექსპერტი ამის მიზეზად ეროზიასა და ადამიანის საქმიანობას მიიჩნევს, მაგრამ ახალი კვლევა სრულიად სხვა ფაქტორზე მიუთითებს — ლიოსის გავრცელებაზე, რომელსაც ნიადაგების გასქელება შეუძლია რეგიონებში, სადაც ამინდი ქვედა ფენების ქანებს სწრაფად ვერ გარდაქმნის ნიადაგად.
ამ რეგიონებში აღებული ნიმუშები აჩვენებს, რომ თხელი ნიადაგის მქონე ადგილებს საკმარისი რაოდენობის ლიოსი აქ აქვს მიღებული, რაც საკმარისი იქნებოდა სოფლის მეურნეობისათვის საჭირო მდიდარი ნიადაგების ჩამოყალიბებისთვის. თუმცა, საკმარისი ლიოსი აქვს მიღებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ზონებს, ძირითადად ახლომდებარე ნეგევის უდაბნოდან და მისი უზარმაზარი დიუნებიდან.
მკვლევართა ვარაუდით, ლიოსის აკუმულირება პლეისტოცენის ხანაში უნდა დაწყებულიყო, დაახლოებით 180 000 წლის წინ, როდესაც მყინვარებს ქვედა ქანები ზემოთ ამოჰქონდა და დღევანდელი ნეგევის უდაბნოს ტერიტორიაზე ლექავდა. მტვრის ეს დამატებითი წყარო გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო ლევანტში სქელი ნიადაგების წარმოქმნაში.
„მთელი პლანეტა გაცილებით მტვრიანი იყო. ეროზია ამ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანია მტვრის შემონადენის მიღება, რის გარეშეც სახეზე გაქვს თხელი, არაპროდუქტიული ნიადაგი“, — ამბობს ისრაელის გეოლოგიური კატალოგიზაციის პროგრამის მკვლევარი რივკა ამიტი.
გამომდინარე იქიდან, რომ მყინვარების უკან დახევა და ლიოსის მთავარი მწარმოებელი — მათი გამორეცხვის ეფექტები შეწყდა, ხმელთაშუა ზღვის აუზში დღეს არსებული ნიადაგები უკვე არსებული ლიოსის ცირკულირების შედეგად არის წარმოქმნილი.
იმ დროისათვის, ვიდრე ჰომო საპიენსი აფრიკიდან დაიძვრებოდა, ლევანტის რეგიონი გაცილებით არასტუმართმოყვარე უნდა ყოფილიყო; ამაზე მიუთითებს მკვლევართა მიერ ლიოსის დანალექების ქვეშ აღმოჩენილი ძალიან თხელი ნიადაგები.
„ლანდშაფტი სრულიად სხვანაირი იყო. შესაბამისად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანები ამ საცხოვრებლად ამ ზონას აირჩევდნენ, რადგან გარემო საკმაოდ მკაცრი იყო და ლანდშაფტი სრულიად შიშველი“, — ამბობს გეოლოგი რივკა ამიტი.
კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია geosociety.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.