ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
პირველად ისტორიაში, ბოსტონში, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორისგან აღებული თირკმელი ქირურგებმა ადამიანს გადაუნერგეს.
ქალაქ უეიმუთის მკვიდრს, 62 წლის რიჩარდ სლეიმენს თირკმლის დაავადების ბოლო სტადია ჰქონდა. ღორის თირკმელი მას 16 მარტს, მასაჩუსეტსის ზოგადი პროფილის ჰოსპიტალში გადაუნერგეს; პროცედურას ოთხი საათი დასჭირდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საავადმყოფოდან მას 23 მარტს გაწერენ.
„ამ ყველაფერს არა მხოლოდ ჩემი დახმარების გზად აღვიქვამდი, არამედ როგორც იმედს ათასობით იმ ადამიანისთვის, რომლებსაც გადარჩენისთვის ასეთი ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ“, — ამბობს სლეიმენი საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს პროცედურა ერთ-ერთი უახლესი მიღწევაა სწრაფად მიმდინარე ერთგვარ რბოლაში, რომლის მიზანიც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორების გამოყვანაა თირკმელებით, ღვიძლებით, გულებითა და სხვა ორგანოებით უზრუნველყოფისთვის, რათა შემსუბუქდეს გადანერგვისთვის საჭირო ორგანოთა დეფიციტი.
„იმედი გვაქვს, რომ ტრანსპლანტაციის ეს მიდგომა სასიცოცხლო ხაზი იქნება მილიონობით პაციენტისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც თირკმლის უკმარისობით იტანჯებიან“, — ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტატსუ კავაი.
ამჟამად რამდენიმე ბიოტექნოლოგიური კომპანია მუშაობს კლონირებულ ღორებზე, რომელთა დნმ-იც გენეტიკურად ისეა მოდიფიცირებული, რომ ადამიანის სხეულმა მათი ორგანოები მიიღოს და არ უკუაგდოს, ადამიანში არ გავრცელდეს ღორის ვირუსები ან არ გამოიწვიოს რაიმე სხვა გართულებები.
ბოსტონში გადანერგილი თირკმელი ეკუთვნოდა მასაჩუსეტსის ქალაქ კემბრიჯში კომპანია eGenesis-ის მიერ შექმნილ ღორს. ამ კომპანიის ღორებს 69 გენეტიკური მოდიფიკაცია აქვთ, რათა მათი ორგანოები მზად იყოს ადამიანებში გადასანერგად. ეს ცვლილებები მათ იცავს ღორების ვირუსებისგან, ასევე ამოშლილია ღორების გენები და დამატებულია ადამიანის გენები, რათა ორგანოები ადამიანთან თავსებადი იყოს.
„მადლობელი ვართ პაციენტის გაბედული წვლილისთვის, რომელიც მან ტრანსპლანტაციის მეცნიერების წინსვლაში შეიტანა. ეს წარმოადგენს ახალ საზღვარს მედიცინაში და წარმოაჩენს გენომის ინჟინერიის პოტენციალს მილიონობით ადამიანის ცხოვრების ცვლილებაში“, — ამბობს eGenesis-ის ხელმძღვანელი მაიკ კურტისი.
ეს სფერო მართლაც გასაოცარია. ამჟამად, მხოლოდ აშშ-ში 103 000 ადამიანი იმყოფება ორგანოთა გადანერგვის მომლოდინეთა სიაში. დონორთა არარსებობის გამო ყოველდღიურად დაახლოებით 17 ადამიანი იღუპება.
„ტრანსპლანტატი წარმოადგენს პოტენციურ გარღვევას ამ დარგში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემაში — ორგანოთა დეფიციტსა და ხელმისაწვდომობის უთანასწორობაში“, — ამბობს სლეიმენის მკურნალი ექიმი უინფრიდ უილიამსი.
წარსულში ქირურგებს გენმოდიფიცირებული, კლონირებული ღორების თირკმლები და ღვიძლები უკვე გადანერგილი აქვთ ბაბუინებსა და თავის ტვინით მკვდარ რამდენიმე ადამიანში. მერილენდის უნივერსიტეტის ქირურგებმა ღორის გული გადაუნერგეს ორ მამაკაცს, რომელთაც სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ ჰქონდათ. მათ პროცედურიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იცოცხლეს.
სლეიმენი შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა დიალიზზე, რის შემდეგაც, მას ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს. თუმცა, ხუთი წლის შემდეგ, გადანერგილ თირკმელსაც უკმარისობის ნიშნები დაეწყო, რამაც სლეიმენს გასული წლის მაისში კვლავ დიალიზზე დაბრუნება აიძულე. მას შემდეგ, ის სერიოზული გართულებებით იტანჯებოდა.
ღორის თირკმლის გადანერგვის ნებართვა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) სპეციალური პროგრამის ფარგლებში გასცა, რომლის მიზანიც უიმედო პაციენტთა დახმარებაა.
მომზადებულია npr.org-ის მიხედვით.