ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მალხაზ მაჩალიკაშვილის სუს-ში დაბარებაზე განცხადებას ავრცელებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს ეხმიანება.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებულია გასული წლის 31 მაისს მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რასთან დაკავშირებითაც, მათი ინფორმაციით, ის 2018 წლის აგვისტოში დაიკითხა.
„სუს-ის თანამშრომლებთან ჩვენი კომუნიკაციით გახდა ცნობილი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ნათესავი მოწმის სტატუსით არიან დაბარებულები 2018 წლის 31 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ჩვენთვის გაუგებარია შაბათს, დილით, დაკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე, რატომ მოსთხოვეს სუს-ის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე მისვლა და რატომ არ დაიბარეს ის გონივრულ ვადაში, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის გზით. ჩვენი მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ნათესავის მოწმედ დაკითხვა გადაიდო 2019 წლის 7 მაისს, 11:00 საათისთვის.
შეგახსენებთ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმის სახით უკვე დაიკითხა 2018 წლის აგვისტოში. აქციაზე ვახა მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების დაუსაბუთებლობის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) რამდენჯერმე გააკეთა განცხადება.
შვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო დაწყებული უფლებრივი ბრძოლის გზაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი მუდმივად აწყდება სამართლებრივ და ემოციურ შევიწროებას და უფლებებისა და ღირსების უგულებელყოფას სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ეს შემთხვევაც ამ პრაქტიკის გაგრძელებაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე 7 მაისს დაიბარეს, თუმცა ის სუს-ში მისვლას არ აპირებს.