ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას 70 წელი უსრულდება - გაერო-მ სპეციალური კამპანია წამოიწყო
2018 წელს გაერო ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საერთაშორისო აქტი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომელიც საყოველთაოდ უნდა იყოს დაცული – განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მოუწოდებს ყველას, შეუერთდეს გაერო-ს მიერ წამოწყებულ კამპანიას – „შემოგვიერთდი ადამიანის უფლებების დასაცავად – დაამატე შენი ხმა!“.
კამპანიაში მონაწილეობის მსურველებმა საყოველთაოდ აღიარებული დეკლარაციის 30 მუხლიდან ერთ-ერთი უნდა წაიკითხონ მშობლიურ ენაზე, გადაიღონ და ვიდეო გაუზიარონ მეგობრებს ჰეშთეგით – #StandUp4HumanRights #RightsOutLoud
კამპანიის მიზანი, საერთაშორისო აქტიდან რაც შეიძლება მეტი მუხლის მეტ ენაზე წაკითხვით და ვიდეოების გავრცელებით, დეკლარაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია 135 ენაზე და ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.