ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას 70 წელი უსრულდება – გაერო-მ სპეციალური კამპანია წამოიწყო

12:07, 03.01.2018

2018 წელს გაერო ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საერთაშორისო აქტი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო. დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რომელიც საყოველთაოდ უნდა იყოს დაცული – განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მოუწოდებს ყველას, შეუერთდეს გაერო-ს მიერ წამოწყებულ კამპანიას – „შემოგვიერთდი ადამიანის უფლებების დასაცავად – დაამატე შენი ხმა!“.

კამპანიაში მონაწილეობის მსურველებმა საყოველთაოდ აღიარებული დეკლარაციის 30 მუხლიდან ერთ-ერთი უნდა წაიკითხონ მშობლიურ ენაზე, გადაიღონ და ვიდეო გაუზიარონ მეგობრებს ჰეშთეგით – #StandUp4HumanRights #RightsOutLoud

კამპანიის მიზანი, საერთაშორისო აქტიდან რაც შეიძლება მეტი მუხლის მეტ ენაზე წაკითხვით და ვიდეოების გავრცელებით, დეკლარაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია 135 ენაზე და ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მსგავსი