ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„ანგარიშში წარმოდგენილია სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული ყველა პროექტი და რეფორმა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამსახურის ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებას, გამოძიების ხარისხის უზრუნველყოფას, მსხვერპლთა/დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას, ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში ასახული რეკომენდაციებისა და შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
ანგარიში მოიცავს სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ ინფორმაციას.
კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
ანგარიშში, ასევე, საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებზე და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.