ადამ კინზინგერი - სრულებით არ ველოდები, რომ საქართველოსთვის დახმარების 15 პროცენტი შეჩერდება, სანქციებზე საუბრები არასდროს გამართულა
ადამ კინზინგერი - სრულებით არ ველოდები, რომ საქართველოსთვის დახმარების 15 პროცენტი შეჩერდება, სანქციებზე საუბრები არასდროს გამართულა

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოსთან მიმართებაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დოკუმენტში  მოცემული დახმარების საკითხის გარკვეული პირობებით ხსენება, საქართველოსთვის პრობლემატური არ არის.

როგორც კონგრესმენმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, აღნიშნული ტექსტი სანქციებთან კავშირში არ არის და მსგავსი საკითხი არც განხილულა.

„არ ვფიქრობ, რომ ასიგნებების კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ასახული 15%-იანი საგარეო დახმარების გარკვეული პირობებით ხსენება საქართველოსთან მიმართებაში, პრობლემატურია. ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ მსგავსი შემთხვევები არ წარმოადგენს იშვიათობას. როდესაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელი გასცემს ფულს მოკავშირე ქვეყნების დასახმარებლად, ისინი იმსახურებენ ცოდნას იმის შესახებ, რომ მათი ფული იმ მიზნით იხარჯება, რა მიზანიც მათ აქვთ. ვიცი, რომ ამ საკითხმა დიდი ყურადღება დაიმსახურა  საქართველოში, მაგრამ, მარტივად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს, რომ ფული, რომელიც ამერიკელმა, გადასახადების გადამხდელებმა გაიღეს, იხარჯება ჩვენი და ქართველი ხალხის ღირებულებების დასაცავად. არ ვფიქრობ, რომ თუ ამ პირობის სერთიფიცირება მოხდა, ეს დიდ პრობლემას შექმნის, თუმცა სრულებით არ ველოდები, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი საგარეო დახმარების 15% შეჩერდება“, – განაცხადა კინზინგერმა.

ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ საქართველოში სანქციების თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

„ვიცი, რომ საქართველოში მხარეები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ თემას, თუმცა მე ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყნებს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. არ მივანიჭებდი ამ შემთხვევას სანქციის კლასიფიკაციას. სანქცია ძალიან მკაფიო მიზანში იღებს ინდივიდებს ან მთავრობებს სპეციფიკური ქმედებების მიზეზით, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს. საქართველოსთან მიმართებით, ეს ტექსტი სანქცია არაა. სანქციები იმ შემთხვევაში იქნებოდა ამოქმედებული, თუ, მაგალითად, სახელმწიფო მდივანი პომპეო იტყოდა, რომ ცუდი პროცესები მიმდინარეობს და ამის გამო შევწყვეტთ ფინანსურ დახმარებას. ეს არაა სანქციები, მეტიც, საქართველოსთან მიმართებით, სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრები არასდროს გამართულა, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე ბლოგს, რომელიც ამ თემაზე წავიკითხე“, – განაცხადა კონგრესმენმა.