ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას მკვლელი, მწამებელი და უნამუსო უწოდა [ვიდეო]

ოპოზიციონერი დეპუტატი ადა მარშანია „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადა მარშანიას პროტესტი „მუხროვანის საქმეზე“ ირაკლი სესიაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის კამათმა გამოიწვია. „ვინ ხარ, შენ? შენ ხარ უნამუსო ადამიანი. მკვლელების დედოფალი. მკვლელი და მწამებელი ხარ. შენ ხარ უნამუსო ბოკერია“, – მიმართა მარშანიამ ბოკერიას.

თავის მხრივ, ბოკერიამ აღნიშნა, „უჭირს იმის ყურება, რომ დარბაზში პუტინის ხალხი ზის, მაგრამ ამას ეგუება“. ბოკერიას რეპლიკის შემდეგ, ადა მარშანიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა და მათ „ლაჩრები“ და „მოღალატეები“ უწოდა.

„თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები. ქართველ ხალხს უღალატეთ. მე ამათ ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი. ეს უნამუსო ხალხი თავზე დაგვასვით. ბოკერია, სად არის თქვენი ამომრჩეველი? მათ ვაყენებ შეურაცხყოფას, თქვენ ხმა რომ მოგცათ“, – მიმართა უმრავლესობასა და ბოკერიას მარშანიამ.

ბოკერია-მარშანიას დაპირისპირებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – თინა ბოკუჩავა და რომან გოცირიძე გამოეხმაურნენ.

გოცირიძემ აღნიშნა, რომ „მარშანიას მიერ წარმოთქმული ყოველი მეორე სიტყვა მართალია“, ხოლო ბოკუჩავამ თქვა, რომ „ეს არის ბიძინა ივანიშვილის რჩეული ოპოზიცია“.

ე.წ. მუხროვანის ამბოხზე გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას ისაუბრა და აღნიშნა: „ყველაზე შემაშფოთებელი არის მუხროვანის თემა. ჩამოდგა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და წაგვიკითხა მოსამართლეს და ჩვენ მორალი, რომ თურმე ხალხი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებით, როგორც თვითონ ამბობს, ტანკი დაქოქა და არ დაემორჩილა მთავრობას, არიან გმირები. ეს არ ყოფილა თურმე ამბოხი. მინდა, გითხრათ, მეგობრებო, რომ დაქოქილი ტანკით პოლიტიკური პროტესტი არის ამბოხის დეფინიცია. მინდა, მაგალითი მოგიყვანოთ – იყო გავრილოვის ღამის პროტესტი. ჩემი აზრით, სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები რომ გამოთქვამდნენ პროტესტს აქ მომხდარი სამარცხვინო ამბის გამო, ზოგიერთი პოლიციასთან ჭიდაობაში შევიდა, რასაც მე არ ვემხრობი. ტანკი რომ დაექოქა რომელიღაც სამხედრო ნაწილს, კარგი იქნებოდა? ვერ ხვდებით თქვენ, რომ ტესტი ის კი არ არის, თქვენ წინააღმდეგ ვინ არის იმ მომენტში ან ჩვენ წინააღმდეგ, არამედ ის, თუ ქვეყნისთვის რა არის კარგი“, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, სხდომაზე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა: „ეს დაუმორჩილებლობა იყო დაუმორჩილებლობა, ამაზე პასუხი უნდა ეგოთ მათ და აგეს კიდეც, მაგრამ მთელი ამბავი ამაში რა არის, მთელი ამბავი ამაში არის ის, რომ სააკაშვილსა და თქვენს ხელისუფლებას გინდოდათ, სამაგალითოდ დაგესაჯათ ჯარი, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. აგვისტოს ომი დასრულებული არ იყო, რომ ასეულობით ჯარისკაცი და ოფიცერი დააპატიმრეთ დეზერტირობის მუხლით. აი, ასეთი სამარცხვინო ქცევით იყავით დაკავებული. ახლა თქვენ პოლიტიკურ მოძღვარს კიდევ გადაეცით, შეეშვას იმ მარაზმულ განცხადებებს, თითქოსდა სახელმწიფო ჩვენი ჯარისკაცების დაპატიმრებისკენ მიმართულ რაღაც ნაბიჯებს დგამს. ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები არიან მართალი ერისა და ღვთის წინაშე, მათ დაიცვეს ქართული სახელმწიფო და საერთოდ არ ჭირდებათ არავის დაცვა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

.