ირაკლი სესიაშვილი გიგა ბოკერიას - თქვენ პოლიტიკურ მოძღვარს გადაეცით, შეეშვას მარაზმულ განცხადებებს, თითქოს სახელმწიფო ჩვენი ჯარისკაცების დაპატიმრებისკენ რაღაც ნაბიჯებს დგამს
ირაკლი სესიაშვილი გიგა ბოკერიას - თქვენ პოლიტიკურ მოძღვარს გადაეცით, შეეშვას მარაზმულ განცხადებებს, თითქოს სახელმწიფო ჩვენი ჯარისკაცების დაპატიმრებისკენ რაღაც ნაბიჯებს დგამს

გიგა ბოკერია როდესაც იყო მმართველობაში და უსაფრთხოების სისტემაზე იყო ზედამხედველი, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს, – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„თქვენ დღეს მეუბნებით, რომ არც წამება გახსოვთ, არც ბიზნესის ტერორი, არც სასამართლოზე, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, რადგან არ იცოდით. იცით თქვენ, ვინ იყო გია ღვალაძე? იცით? აი, რომ არ იცით, მაგას გეუბნებით. ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმე აგებული იყო ვინმე გია ღვალაძის ჩვენებებზე, მათ შორის ბატონი კობა კობალაძის მაგალითზე. ის დააპატიმრეს იმის გამო, რომ გია ღვალაძე ამბობდა, თურმე მასთან ერთად რესტორანში გეგმავდა სახელმწიფოს გადატრიალებას. თქვენი პოლიტიკური მოძღვარი მიხეილ სააკაშვილი რომ მივიდა მუხროვანში, პირდაპირ ეთერში თქვა, კობა კობალაძე აქამდე არ დაგიჭერიათო? როცა ჩვენ ვიცავდით კობა კობალაძეს, სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოსი შეეშინდა, რადგან მისი ასეთი გამონათქვამი არსებობდა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. მუხროვანის ამბოხს, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, არც ერთი ტანკი საბრძოლი მოქმედებაში არ მოუყვანიათ, დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებიათ, ეს დაუმორჩილებლობა იყო მიმართული იმისკენ, რომ აგვისტოს ომში დამარცხების შემდგომ ამ სამხედროებს არ უნდოდათ აღლუმზე გასვლა.

„ეს დაუმორჩილებლობა იყო დაუმორჩილებლობა, ამაზე პასუხი უნდა ეგოთ მათ და აგეს კიდეც, მაგრამ მთელი ამბავი ამაში რა არის, მთელი ამბავი ამაში არის ის, რომ სააკაშვილსა და თქვენს ხელისუფლებას გინდოდათ, სამაგალითოდ დაგესაჯათ ჯარი, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. აგვისტოს ომი დასრულებული არ იყო, რომ ასეულობით ჯარისკაცი და ოფიცერი დააპატიმრეთ დეზერტირობის მუხლით. აი, ასეთი სამარცხვინო ქცევით იყავით დაკავებული. ახლა თქვენ პოლიტიკურ მოძღვარს კიდევ გადაეცით, შეეშვას იმ მარაზმულ განცხადებებს, თითქოსდა სახელმწიფო ჩვენი ჯარისკაცების დაპატიმრებისკენ მიმართულ რაღაც ნაბიჯებს დგამს. ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები არიან მართალი ერისა და ღვთის წინაშე, მათ დაიცვეს ქართული სახელმწიფო და საერთოდ არ ჭირდებათ არავის დაცვა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის სხდომაზე მუხროვანის ამბოხზე დღეს გიგა ბოკერიამ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა: „ყველაზე შემაშფოთებელი არის მუხროვანის თემა. ჩამოდგა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და წაგვიკითხა მოსამართლეს და ჩვენ მორალი, რომ თურმე ხალხი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებით, როგორც თვითონ ამბობს, ტანკი დაქოქა და არ დაემორჩილა მთავრობას, არიან გმირები. ეს არ ყოფილა თურმე ამბოხი. მინდა, გითხრათ, მეგობრებო, რომ დაქოქილი ტანკით პოლიტიკური პროტესტი არის ამბოხის დეფინიცია. მინდა, მაგალითი მოგიყვანოთ – იყო გავრილოვის ღამის პროტესტი. ჩემი აზრით, სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქეები რომ გამოთქვამდნენ პროტესტს აქ მომხდარი სამარცხვინო ამბის გამო, ზოგიერთი პოლიციასთან ჭიდაობაში შევიდა, რასაც მე არ ვემხრობი. ტანკი რომ დაექოქა რომელიღაც სამხედრო ნაწილს, კარგი იქნებოდა? ვერ ხვდებით თქვენ, რომ ტესტი ის კი არ არის, თქვენ წინააღმდეგ ვინ არის იმ მომენტში ან ჩვენ წინააღმდეგ, არამედ ის, თუ ქვეყნისთვის რა არის კარგი“, – განაცხადა ბოკერიამ.

დატოვე კომენტარი