ადა მარშანია პარლამენტში დაპირისპირებაზე - იმის თავიც არ აქვთ, ერთმანეთი კარგად სცემონ, ვაჟკაცურად
ესეც არ შეუძლიათ ამათ, დარტყმაც არ შეუძლიათ, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს, ლევან გოგიჩაიშვილსა და მუხრან ვახტანგაძეს შორის კამათის მიზეზების დადგენას ცდილობდნენ.
მარშანიამ მედიის წარმომადგენლებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციების საკითხებთან დაკავშირებული კომისიის ბედით დაინტერესება ურჩია და არა დეპუტატებს შორის მომხდარი გაუგებრობებით.
„ვაჟკაცური ჩხუბიც არ შეუძლიათ ამათ. საქართველო ამათ ხელში არის უპატრონო… იმის თავიც არ აქვთ, რომ ერთმანეთი კარგად სცემონ, ვაჟკაცურად“, – განაცხადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კამათი იყო დღეს საკანონმდებლო ორგანოში. სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შორის. მოგვიანებით კი კამათში ჩაერთო „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე. დეპუტატები მანდატურებმა დეპუტატის ოთახში გაიყვანეს. დაპირისპირება ოთახშიც გაგრძელდა, თუმცა იქ შესვლის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ. დაპირისპირების მიზეზი უცნობია, რადგან სხდომათა დარბაზში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობდა, მიკროფონები გამორთული იყო.