მომავალ პარლამენტში შენ თუ მოხვდები, რა ვიცი, არა მგონია, ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ ბექა ნაცვლიშვილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
მარშანიას განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ცუდი და მას ოთხი წელი მუშაობა არ მოუწევს.
„მომავალ პარლამენტში შენ თუ მოხვდები, რა ვიცი, არა მგონია, ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად, რადგან ჩემი დღევანდელი გათვლით, პარლამენტი იქნება უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ, ვხედავ უკვე დღევანდელი დღიდან. შენ არ იქნები, არც მე ვიქნები, ამაში დარწმუნებული ვარ და იმ პარლამენტს არ მოუწევს ოთხი წელი მუშაობა, ამასაც ვხედავ აქედანვე“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ბექა ნაცვლიშვილმა მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელმაც მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
„ცხადია, ჩვენ ვუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს, უბრალოდ ბექა, გენაცვალოს ჩემი თავი, იდეალისტი პარლამენტარის როლში გამოდიხარ დღეს. ჩვენ ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრჯერ მოატყუა მოსახლეობა და იმედი მაქვს, მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ იცი, უბედურება რაშია? ამათ ხელშია ბერკეტები, საარჩევნო რაღაც-რაღაცები და აბსოლუტურად ვხედავ ახლავე, რომ ამას მაქსიმალურად გამოიყენებენ“, – აღნიშნა ადა მარშანიამ.