ადა მარშანია - მივესალმები ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას, თუმცა ამდაგვარი შეხვედრები დაგვიანებულია
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ადა მარშანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალაკლიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრას მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები დაგვიანებულია.
ამასთან, ადა მარშანია იმედს გამოთქვამს, რომ ზალკალიანის საკომიტეტო მოსმენების დროს პარლამენტში ცნობილი გახდება, რა საკითხებზე იყო საუბარი შეხვედრაზე. მისი თქმით, პარლამენტში მინისტრს „პატრიოტთა ალიანსი“ დაიბარებს.
„მივესალმები შეხვედრას, დაგვიანებულია ამდაგვარი შეხვედრები და იმედია, შევიტყობ რაზე იყო საუბარი საპარლამენტო კომიტეტში ზალკალიანთან მოსმენების დროს. ყველაზე პრიორიტეტული საკითხია ეს თემა. რა საკვირველია, მაინტერესებს რაზე იყო საუბარი. ჩვენ ჯერჯერობით ახალს ისეთს, ძალიან სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ჩვენი პოლიტიკური ძალის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. თქვენ იცით, ჩვენ არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ პრაქტიკულადაც არაერთხელ ვიზიტი განვახორციელეთ მოსკოვში, თავისი შედეგები ჰქონდა ამ ვიზიტებს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში ვიზიტს კვლავ გეგმავს.
„ახლაც მალე წავალთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ კონკრეტულ საკითხს, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა მოსკოვსა და თბილისს შორის. ჩვენ კოლეგებთან, პარლამენტარებთან გვექნება შეხვედრა, კალაშნიკოვთან პირველ რიგში და ალბათ, ფედერაციის საბჭოსთანაც. შეიძლება, სხვა შეხვედრებიც იყოს, არ არის გამორიცხული. ზოგ შეხვედრაზე საჯაროდ ვისაუბრებთ, ზოგზე ვერა“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეუთო, ევროკავშირი, აშშ პოზიტიურად აფასებენ შეხვედრას, დეპუტატი ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავად ფაქტს მივესალმები, მაგრამ რამდენად კარგი იყო ჩვენთვის ეს საუბარი, შინაარსი, ამას შევიტყობ. კომიტეტის სხდომის მერე შევაფასებ შეხვედრის შინაარსს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.