ადა მარშანია მომხრეა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეჩერდეს
ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.
როგორც ჟურნალისტებს მარშანიამ განუცხადა, მის ფრაქციას სასამართლო სისტემის მიმდინარე რეფორმა არ მოსწონს.
„რაც ხდება, ხელისუფლების ბრალია და თეა წულუკიანის, როგორც იუსტიციის მინისტრის. მხარს ვუჭერთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. ერთთვიანი პაუზა უნდა ავიღოთ და საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ეს პროცესი გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს“, – განაცხადა მარშანიამ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სია პარლამენტს წარუდგინა. ამასთან, საბჭოს წევრებს პარლამენტში შესაძლოა, ხვალ შეხვდნენ.