აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, გიორგი კოხრეიძესა და თამილა დოლიძეს წარუდგენს
აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის ორ კანდიდატს – გიორგი კოხრეიძესა და თამილა დოლიძეს წარუდგენს.
გადაწყვეტილება კანონმდებლებმა დღევანდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.
როგორც ცნობილია, შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა სამეურვეო საბჭოს წევრობის შემდეგი შვიდი კანდიდატი: გიორგი კოხრეიძე, ემზარ პაქსაძე, თამარ წილოსანი, თამილა დოლიძე, მარინა გიორგაძე, ნატო ასათიანი, ფირუზ ბოლქვაძე.
გამარჯვებულმა ორმა კანდიდატმა პლენარულ სხდომაზე, ღია კენჭისყრის შედეგად, 14-14 ხმა მიიღო (ერთი წინააღმდეგი). აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საბჭო მეურვეობის შერჩეულ ორ კანდიდატს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად კენჭისყრიდან სამი დღის ვადაში წარუდგენს.
ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კენჭისყრის დაწყებამდე პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.