აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს მიმართავენ, დროულად დაასახელოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს მიმართავენ, დროულად დაასახელოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრები ინფორმაციას ავრცელებენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა დროულად უნდა შეარჩიოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, რათა დროულად ჩამოყალიბდეს და არ შეფერხდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუშაობა.
„2018 წლის 4 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 -მა, 14 დეპუტატით წარმოდგენილმა უმრავლესობის სამმა ფრაქციამ, 2018 წლის 6 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. უმრავლესობის სამივე ფრაქციამ, ეს პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, მ/წლის 13 ივლისს, პოლიტიკურ სუბიექტებთან გამართული კონსულტაციების დროსაც გამოხატა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატები.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მინისტრობის შემდეგ კანდიდატებს:
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე – ინგა შამილიშვილი.
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე -ზაალ მიქელაძე.
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე – ჯაბა ფუტკარაძე.
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე – ტიტე აროშიძე.
მივმართავთ პრეზიდენტს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, წარადგინოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი და მის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობა, რათა დროულად ჩამოყალიბდეს და არ შეფერხდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუშაობა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.