აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ირაკლი ჭეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მიზეზს ეძებს, რომ წაგებულ არჩევნებში როგორმე მონაწილეობა აღარ მიიღოს
„ნაციონალური მოძრაობა“ მიზეზს ეძებს, რომ წაგებულ არჩევნებში როგორმე მონაწილეობა აღარ მიიღოს. მათ კარგად იციან შიდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბათუმში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს პირწმინდად აგებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
ჭეიშვილმა აღნიშნული განცხადებით უპასუხა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც „ქართული ოცნება“ საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა.
როგორც „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჭეიშვილმა აღნიშნა, საქმე ეხება მათემატიკის უცოდინრობას.
„საქმე გვაქვს მათემატიკის უცოდინრობასთან. გასული წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ბათუმის მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული იყო 2 0138 ამომრჩეველი, 15 მარტის მონაცემებით რეგისტრირებულია 2 0635, ანუ დაახლოებით 500 კაცია სხვაობა. ამ ხუთასიდან 99 სრულწლოვანი გახდა. ოლქის ტერიტორიაზე ადგილზევე მისამართი 235 პირმა შეიცვალა, პირადობა აღადგინა 138-მა. კითხვა მაქვს, თუ ისე შეიძლება არჩევნების მოგება, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, თვითონ არ დაარეგისტრირებდნენ მომხრეებს? არ გაუკეთებიათ თუ არ უკადრებიათ“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნება“ ბათუმში, ორი აპრილისთვის დაგეგმილი საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში 1 053 ახალი ამომრჩეველი პირველიდან 16 მარტამდე დარეგისტრირდა.