აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთვის უფლებების გაზრდას ითხოვს
აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთვის უფლებების გაზრდას ითხოვს

აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთვის უფლებების გაზრდას და საქართველოს განათლების სამინისტროსგან გარკვეული უფლებების დელეგირებას ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და იგი პარლამენტს წარედგინება. ამის შესახებ დღეს უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა განაცხადა.

„ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტით იზრდება ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში.

კანონპროექტისთანახმად ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროს ენიჭება საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების, ასევე სისტემური ხარვეზების გამოვლენის უფლებამოსილება, რაც ხელს შეუწყობს, აამაღლებს და გაზრდის სასწავლო პროცესის ხარისხს.

„შესაბამის უწყებებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ცალკეული გადაცდომები, რის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან, საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ამავე უწყებებს ენიჭებათ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. მათ ასევე ეძლევათ საშუალება დაითხოვონ სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას“, – განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

მგალობლიშვილი ამბობს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენას, რაც აჭარაში არსებულ 229 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. კანონპროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს პარლამენტში ინიცირებისთვის წარედგინება.