აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში დასვენების მსურველებს ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს სთავაზობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში დასვენების მსურველებს ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს სთავაზობს. ფასდაკლების მისაღებად ტურისტულ ცენტრებში მსურველებს შეუძლიათ 10 ლარად შეიძინონ სპეციალური ბარათი – „ბათუმი დისქაუნთ ქარდი“ (Batumi Discount Card), რითაც ისინი აჭარაში დასვენებისას 40%-მდე ფასდაკლების მიღებას 52 ტურისტულ ობიექტში შეძლებენ; მათ შორისაა: ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმველო, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმი, სხვადასხვა კვებისა და განთავსების ობიექტები.
ახალი „ბათუმი დისქაუნთ ქარდის“ პრეზენტაცია გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურიზმის დეპარტამენტში დღეს გაიმართა.
„ფასდაკლების ბარათი საშუალებას აძლევს ტურისტებს, უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ აჭარაში არსებული სხვადასხვა ტიპის ობიექტზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სთავაზობენ ტურისტებს ფასდაკლებებს. მეორეს მხრივ კი გაზარდოს თვითონ ამ ტურისტული ობიექტებისა და ღირსშენიშნაობების ცნობადობა, ასევე რეგიონში ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და ფასდაკლებების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა“ -ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.
ბარათით რეგიონის სტუმრებს ფასდაკლებების მიღება 25-მდე კვებისა და განთავსების ობიექტში, 20-მდე ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებსა და აქტივობებზე, ტურისტულ სააგენტოებსა და სავაჭრო ობიექტებში შეუძლიათ. გარდა ფასდაკლებებისა, ბარათი ასევე მოიცავს სიმ ბარათსა და მუნიციპალური ტრანსპორტის ბარათს 10 სამგზავრო ბილეთით. „ბათუმი დისქაუნთ ქარდის“ გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებპორტალზე – Gobatumi.com.