აჭარის ტელევიზიის ოპერატორები ნატო ჩხეიძეს მათთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების უარყოფას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორები განცხადებას ავრცელებენ და დეპუტატ ნატო ჩხეიძეს პასუხობენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო ჩხეიძემ აჭარის ტელევიზიის ოპერატორების გაფიცვა „იბერიის“ თანამშრომლების მიერ ხელფასების მოთხოვნასთან ერთად სუსი-ს მიერ დაგეგმილ აქციად მოიხსენია.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორები ითხოვენ, ნატო ჩხეიძემ საჯაროდ უარყოს განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფესიული პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავენ.
„ჩვენ, აჭარის ტელევიზიის ოპერატორები იმპიჩმენტით დათხოვნილი დირექტორის, ნათია კაპანაძის მენეჯმენტის დროს მუდმივად განვიცდიდით დისკრიმინაციას, რაც გამოიხატებოდა ჩვენს პროფესიულ დისკრედიტაციაში, პიროვნულ იგნორირებასა და შრომის არაადექვატურ ანაზღაურებაში.
ჩვენ პროფესიული კავშირის უშუალო ზედამხედველობით ვაწარმოეთ საგაფიცვო პროცესი. პროფესიული და შრომითი საკითხების გამო დაწყებული პროტესტის პარალელურად, მენეჯმენტი ახორციელებდა სხვა თანამშრომლების მიმართ უსამართლო სადამსჯელო ღონისძიებებს, რასაც ასევე გამოვუცხადეთ სოლიდარობა. სამწუხაროდ, აჭარის ტელევიზიის ეთერით არც ერთი ფაქტი არ გაშუქებულა.
კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ დაინტერესებულმა ჯგუფებმა სხვა საჯარო სივრცეებში გადაინაცვლეს და ყველა ადამიანი, ვინც ღირსებისა და კოლეგების სოლიდარობის გამო იბრძოდა, სუს-ის აგენტებად მოინათლა.
დღეს იგივე გაიმეორა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. მან აჭარის ტელევიზიის ოპერატორების გაფიცვა იბერიის თანამშრომლების მიერ ხელფასების მოთხოვნასთან ერთად სუს-ის მიერ დაგეგმილ აქციად მოიხსენია.
ჩვენ მოვითხოვთ, ნატო ჩხეიძემ საჯაროდ უარყოს განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროფესიული პატივისა და ღირსების შელახვის გამო, მივმართავთ სასამართლოს“,- ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს მიმართა, რომ ჟურნალისტებს ფულს არ უხდის, რაც სამარცხვინო საქციელია.
საპასუხოდ, ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მას ცილისწამების უფლება არ ჰქონდა. მისივე თქმით, ოპერატორების აჯანყება ჩვეულებრივი სუს-ის დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც შემდეგ აჭარის ტელევიზიაში კარგად გაიმეორეს.