აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე სასამართლოს მიმართავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ნათია კაპანაძე მისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას მოითხოვს.
კაპანაძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. სარჩელთან დაკავშირებით, დღეს ორგანიზაციის ბათუმის ოფისში პრესკონფერენცია საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ ნათია კაპანაძესთან ერთად გამართა.
„მრჩეველთა საბჭომ დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო პროცესუალური ნორმების დარღვევით. კერძოდ, გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ღია კენჭისყრით და არა ფარულით. გადაწყვეტილების მიღებისას მრჩეველთა საბჭოს არ ჰქონდა შესწავლილი არცერთი საკითხი, რომლის საფუძველზეც კენჭი ეყარა უნდობლობის გამოცხადებას. ამის ერთ-ერთი დასტურია 2019 წლის 25 აპრილს მიღებული გარე აუდიტის დასკვნა, რომელიც მომზადებული იყო 11 აპრილს და რომელშიც მითითებულია, რომ ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია. აღნიშნული დოკუმენტი მრჩეველთა საბჭომ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ მიიღო და არა მანამდე. მრჩეველთა საბჭოს 2017 და 2018 წლების ანგარიშებში არ არის მითითებული, რომ ორგანიზაციის დირექტორს ან თავად ორგანიზაციას რაიმე პრობლემა აქვს. 2017 და 2018 წლების გარე აუდიტის შედეგების თანახმად, ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები არ გააჩნია“, – აღინიშნა პრესკონფერენციაზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან 19 აპრილს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა. ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით, მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების“ კვოტა) მიმართეს.