აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტები საცობს შექმნის, თუმცა ვეცდებით, არ შევაფერხოთ მოქალაქეთა გადაადგილება
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყოს. მისივე თქმით, აღნიშული საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა განახორციელეს.
როგორც ანანიაშვილი აცხადებს, აღნიშნულ პოსტებზე 24 საათის განმავლობაში მოქალაქეთა თერმოსკრინიგი მოხდება.
„ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩაერთვება ჯანდაცვის შესაბამისი სამსახური და განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები. ერთი საგუშაგო თამარის დასახლებაში ე. წ ბენზეში და მეორე საგუშაგო კი ხელვაჩაურში მახოს ხიდთან მოეწყობა. ახლა სატესტო რეჟიმში ვახორციელებთ ბლოკსაგუშაგოს ფუნქციონირებას.
პროცესი საცობს შექმნის, თუმცა ვეცდებით, რომ არ შევაფერხოთ მოქალაქეთა გადაადგილება და განვახორციელოთ ის მიზანი, რაცაა უსაფრთხო გადაადგილება და თერმოსკრინინგი.
ტემპერატურის მატების, ან ცვალებადობის შემთხვევაში კონკრეტული მოქალაქეს შესაბამის დაწესებულებაში გადავამისამარებთ. გამოვლენილი მოქალაქე გადაეცემა ჯანდაცვის სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის კონტროლს განახორციელებს“,- აცხადებს ანანიაშვილი.