კონსტანტინე ანანიაშვილი - ბათუმის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს მოქალაქეები დადებითად ხვდებიან 
კონსტანტინე ანანიაშვილი - ბათუმის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს მოქალაქეები დადებითად ხვდებიან 

საგანგებო სიტუაციის ფარგლებში, ბათუმის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირებას მოქალაქეები დადებითად ხვდებიან, – აცხადებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი. მისი თქმით, ცალკეული დარღვევები ფიქსირდება როგორც კომენდანტის საათის პერიოდში, ასევე დღისითაც და ყველა ასეთ შემთხვევაში იწერება ჯარიმა.

„24 საათის განმავლობაში ხორციელდება მონიტორინგი, რათა ზედმიწევნით იქნეს დაცული საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული მოთხოვნები. დარღვევის შემთხვევაში იწერება კონკრეტული საჯარიმო ქვითრები. ბლოკ-საგუშაგოებზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათი ვახორციელებთ მონიტორინგს. მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. ასევე, დეზინფექცია უტარდება შემომსვლელ ავტომანქანებს. პატრულირება 24 საათის განმავლობაში ხორციელდება როგორც ქალაქში, ასევე დაბებში და სოფლებში. დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა როგორც კომენდანტის საათის პერიოდში, ასევე არასაკომენდანტო პერიოდში.

რაც შეეხება თერმოსკრინინგს, ის უტარდება ყველა მოქალაქეს, ასევე, მოქალაქეებს ვთავაზობთ თავად ჩაერთონ ამ პროგრამაში. ყველა მოქალაქე დადებითად ხვდება ამ ინიციატივას. რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. დაუყოვნებლივ ერთვება ჯანდაცვის წარმომადგენელი და მასთან კონსულტაციას გადის კონკრეტული მოქალაქე“, -განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.