აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.
მისი განცხადებით, გუშინდელ აქციაზე მომხდარ ყველა ინციდენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად შეისწავლის და გატარდება შესაბამისი ზომები.
„საპოლიციო ძალები განლაგებულია კინოთეატრის მიმდებარედ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით. აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, მართლწესრიგის დაცვისკენ. ნებისმიერი სამართალდარღვევის შემთხვევაში კანონის ფარგლებში იქნება რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში გავზრდით ან შევამცირებთ პოლიციელთა რაოდენობას. გუშინდელი ინციდენტის ყველა ფაქტი იქნება შესწავლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანანიაშვილმა
კინოთეატრთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ადგილზე უკვე იმყოფება აქციის მონაწილეთა ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ კინოჩვენებას დღესაც მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ.