აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის დამატებითი კვლევა დაიწყო
აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის დამატებითი კვლევა დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაოებების, ჩანჩქერების, მთებისა და ტურისტული ობიექტების მოძიებასა და კვლევას ახორციელებს, რაზე დაყრდნობითაც ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტები მომზადდება.
პროექტი გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნას, ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიულ შესწავლასაც ითვალისწინებს.
ერთ-ერთ ახალ ტურისტულ მარშრუტად ხელვაჩაურში, სოფელი კაპნისთავი სახელდება. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოლაშქრეთა ფედერაციის წევრებთან ერთად სოფლის ტურისტული პოტენციალი დაათვალიერეს, მათ შორის სოფელში არსებული ჩანჩქერები, ადგილობრივების მიერ შექმნილი ღია მუზეუმი და საოჯახო მარნები.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ახალი ტურისტული მარშრუტების იდენტიფიცირება აჭარაში, რათა საშუალება გვქონდეს შევქმნათ, როგორც ორ-სამ დღიანი, ისე ორ-სამ საათიანი ტურისტული მარშრუტები. ეს მოგვცემს საშუალებას, ყველა კატეგორიის ტურისტს შევთავაზოთ მათთვის სასურველი ხანგძლივობისა და სირთულის ტურისტული მარშრუტი მთიან აჭარაში მოგზაურობის დაგეგმვისას. ამ ეტაპზე, რეგიონში 15-მდე მარშრუტია მარკირებული ღვინის ტურიზმის, კულტურული ტურიზმის, ეკოტურიზმის, სამთო ტურიზმისა თუ სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, რაც მთიანი აჭარის ულამაზესი ბუნებისა და ტრადიციების გაცნობის კარგ საშუალებას იძლევა,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლელა გოგუაძემ.