აჭარის მთავრობის შენობასთან ხმაურია. ქობულეთში თვითნებურად შესახლებულთა აქციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მივიდა, რომელსაც, აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მინისტრი შენობაში სამართალდამცველების დახმარებით შევიდა. ეზოში კი, ხმაური გაგრძელდა. აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
ჯაბა ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ შენობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი იყო, ინვესტორთან კი შეთანხმება მიღწეულია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული შენობაში შესახლებულთა ინტერესები.
„შენობის გაყიდვის შესახებ თქვენ ინფორმირებული იყავით. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი ინტერესებიც იყოს დაცული და კეთილსინდისიერი მყიდველისაც, ინვესტორთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ამის თაობაზე“, – მიმართა ჯაბა ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს.
მას სიტყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა შეაწყვეტინეს, რაც საბოლოოდ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„გაყიდეთ შენობა, რატომ არ გაითვალისწინეთ ამათი ინტერესები“, – განაცხადა აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.
აქციის მონაწილეები მთავრობის შენობასთან რჩებიან.