აჭარის მთავრობის სახლთან ტრაილერის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
აჭარის მთავრობის სახლთან ტრაილერის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მძღოლები, რომლებიც ტრაილერებით საერთაშორისო გადაზიდვებს ძირითადად თურქეთში ახორციელებენ, აცხადებენ, რომ თურქეთში შესვლის ნებართვას უკვე ორი კვირაა ვერ იღებენ.
„ადრე ვიღებდით ერთწლიან ნებართვას, ვიხდიდით 870 ლარს და გადასვლაზე შეზღუდვა არ გვქონდა. ახლა შემოიღეს სამდღიანი ნებართვები, რომელსაც ვიღებდით, მაგრამ ორი კვირაა გვეუბნებიან, რომ ნებართვების ლიმიტი ამოწურულია და ქართველ მძღოლებზე საერთოდ აღარ გაიცემა. ჩემი საქონლის გადმოტანა მინდა და ვერ ვახერხებ. უნდა დავიქირაო თურქი გადამზიდავი და გადმოვიტანო მაშინ, როდესაც თურქი მძღოლები უპრობლემოდ გადმოდიან და გაცილებით მცირე თანხას იხდიან“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მძღოლები აცხადებენ, რომ ნებართვის შეჩერების შემთხვევაში, საბანკო დავალიანებების გამო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მძღოლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ და სარფში ხვალისთვის ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავენ.