აჭარის მთავრობამ სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 219 ოჯახისთვის დამატებითი კომპენსაციის სახით 1 095 00 ლარი გამოყო
აჭარის მთავრობამ ხულოში წაბლანის სტიქიის შედეგად დაზარალებული 219 ოჯახისთვის დამატებითი კომპენსაციის სახით, 1 095 00 ლარი გამოყო. დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები 2019 წელს ბათუმში ახალაშენებულ კორპუსში გადაეცათ, თუმცა ისინი ბინების კეთილმოწყობას ითხოვდნენ და ამ მიზეზით, არჩევნებში მონაწილეობაზეც უარი თქვეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს ერთჯერადად 5 000-5 000 ლარი გამოეყო. თანხა ბინების კეთილმოწყობას მოხმარდება.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება სოფელ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობას ადგილზე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ გააცნეს.
„სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები გარკვეული პერიოდია ითხოვდნენ ფინანსური დახმარების გაწევას. მთავრობამ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა და ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ.
1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. 200-ზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.