აჭარის მთავრობა ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენის კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას იწყებს
აჭარის მთავრობა ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენის კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რიჟვაძის თქმით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რეგიონმა შეინარჩუნოს ის მდგომარეობა, რისი მიღწევაც მოხერხდა პანდემიის მიმართულებით და შესაბამისად, შეინარჩუნოს მწვანე ზონის სტატუსიც. საწყის ეტაპზე აქცენტი შიდა ტურიზმზე იქნება გაკეთებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ტურიზმის აღდგენისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მთავარია, მალე დაინერგოს ქვეყანაში შესაბამისი პროტოკოლი, რაზეც მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციასთან, რომ მალე მოხდეს შესაბამისი სტანდარტების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. გლობალური პანდემიის ფონზე, ეს მოგვცემს საშუალებას, ტურიზმი ნელ-ნელა, თანმიმდევრულად ავაღორძინოთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.