აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 80-მდე ერთეული ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა. სამედიცინო აპარატები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და ის კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პაციენტის ჰოსპიტალიზაციამდე მკურნალობისთვის იქნება გამოყენებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, თითოეული დაინფიცირებული მოქალაქისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტი მიწოდება პრიორიტეტად რჩება.
ამასთან, როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, გაგრძელდება სოფლის ექიმების ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მოქალაქეებისთვის ძირითადი სამედიცინო მომსახურების გაწევა ადგილზე იყოს შესაძლებელი.
„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადმოეცა ჟანგბადის აპარატები, რომელიც გაუნაწილდება მაღალმთიან აჭარას, ქობულეთს და ხელვაჩაურს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება სამედიცინო სერვისების უწყვეტი მიწოდება თითოეული დაინფიცირებული მოქალაქისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მოხდება სოფლის ექიმების კიდევ მეტი ტექნიკური მხარდაჭერა, რომ მათ შეძლონ, ადგილზე ყველა მოქალაქეს გაუწიონ ძირითადი სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ხარისხიან და უწყვეტ სამედიცინო მომსახურებაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ეპიდემიის ეფექტური მართვა და ამ ყველაფერთან ერთად ეკონომიკის და მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესება არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანა“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოფლის ექიმებიც. ჟანგბადის კონცენტრატორები უკვე გადაეცა კოვიდსასტუმროებსა და კოვიდმართვაში ჩართულ კლინიკებს. ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სოფლის ექიმებთან და მედპერსონალთან.
მუნიციპალიტეტებისთვის ჟანგბადის აპარატების გადაცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობითა და ინიციატივით განხორციელდა.