აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ვალდებული არიან, ტესტის პასუხებამდე თვითიზოლაციაში იყვნენ
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევების უმრავლესობა ინფიცირებულთა კონტაქტებს განეკუთვნება.
„სხვა უწყებებთან ერთად სამუშაო ჯგუფი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას და მყისიერი რეაგირება გვაქვს. კლასტერები რამდენიმეა, კონკრეტულ ჩამონათვალს ვერ გავაკეთებ. სხვადასხვა კლასტერთან მიბმული შემთხვევები გვაქვს, ძირითადი შემთხვევების რაოდენობა გვაქვს უკვე დადასტირებულთან კონტაქტში მყოფი პირები. ჩვენი სამუშაო და სამიზნე არის კონტაქტირებული პირები, ტესტირების არეალი გავშალეთ, ამით უკვე ისარგებლა ძალიან ბევრმა მოქალაქემ. ბევრი ნიმუში გაეშვა კვლევაში, რამაც შექმნა ერთგვარი გადატვირთვა, თბილისის დონეზე ლაბორატორიული ქსელი ჩართულია აჭარის ნიმუშებზე და ეს პრობლემა მყისიერად არის აღმოფხვრილი“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ამასთან, ნიჟარაძე მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ტესტის პასუხებამდე ვალდებული არიან, იზოლაციის წესები დაიცვან.
„მოქალაქეებს მივმართავ, ნიმუშის აღებიდან, ვიდრე არ იქნება პასუხი, მათ აქვთ იზოლაციის ვალდებულება. ნებისმიერი პირი, ვინც მიიჩნევს, რომ კონტაქტირებული პირია, 12-დღიან იზოლაციის წესს უნდა იცავდეს. თუ ის არის ახლო კონტაქტი, ჯანდაცვა და სხვა სამსახურები ასეთ პირს მყისიერად უკავშირდებიან და რეკომენდაციას აძლევენ. მათ ოჯახში აკითხავთ ბრიგადა და იღებს ნიმუშს, მომდევნო 72 საათის განმავლობაში პასუხს აძლევს. ეს ხდება მხოლოდ ახლო კონტაქტებთან მიმართებაში. დანარჩენი პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კონტაქტში იმყოფებოდნენ, ვალდებული არიან, ნიმუშის აღებიდან მომდევნო პერიოდში, ვიდრე არ ექნებათ პასუხი, იზოლაციის წესი დაიცვან. ჩვენი ხვალინდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამოკიდებულია თითოეულ მოქალაქეზე“, – აცხადებს ნიჟარაძე.
ამასთან, ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ ყველა კლინიკა ვალდებულია, წესები დაიცვას.
„ჩვენს გვერდით მუშაობენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო, რომელებიც 24-საათიან რეჟიმში არიან ყველა კლინიკაში შემოვლაზე, სიტუაციას მაქსიმალურად ვაკონტროლებთ. სამედიცინო სფეროში გვყავს დაინფიცირებული პირები, მაგრამ სამედიცინო პირი, რომელიც ეკიპირებულია, არ ითვლება ახლო კონტაქტად. ჩვენს ირგვლივ ვისაც დაავადება გამოუვლინდება, რისკები არის მინიმალური, თუკი ჩვენ ვიცით, რომ ორივე მხარე ნიღბით ვართ დაცული. ეკიპირებული სამედიცინო პირი ახლო კონტაქტად არ ითვლება“, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას უკავშირდება.