აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ ათ თვეში 1 მლნ 700 ათასს გადააჭარბა
აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, 1 მილიონ 700 ათასს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 18 პროცენტითაა გაზრდილი წინა პერიოდებთან შედარებით, – ამის შესახებ დღეს გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ორი წლის საქმიანობა შეაჯამა.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, მოიმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობამაც. 2016 წელთან შედარებით, წელს რეგიონში საერთაშორისო ფრენების რიცხვი 41 პროცენტით გაიზარდა.
ამასთან, ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობები 17 ქვეყანაში განახორციელა. რეკლამა და სპეციალური გადაცემები მომზადდა და მოხვდა BBC, Euronews, DW, RTL და სხვა ტელეკომპანიების ეთერებში.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, აჭარამ ბოლო ორ წელიწადში უმასპინძლა 57 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებას. სერვისის გაუმჯობესების მიზნით კი, ტურიზმის სფეროში დასაქმებული 2 700 პირი გადამზადდა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, დამატებით 15 მარშრუტი ამოქმედდა მთიანი აჭარის მიმართულებით. მთიან აჭარაში წელს ვიზიტორთა რაოდენობა 98 პროცენტით გაიზარდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაასრულებს 2025 წლის ჩათვლით ტურისტული განვითარების სტრატეგიის შედგენაზე მუშაობას.