აჭარაში ტურისტული სეზონისთვის მზადების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე შეხვედრა გაიმართა  
აჭარაში ტურისტული სეზონისთვის მზადების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე შეხვედრა გაიმართა  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს რეგიონის მინისტრთა კაბინეტისა და საქვეუწყებო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე ეკონომიკური სტიმულირებისა და ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული სტრატეგიისა და საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. სამინისტროებს შესაბამისი დავალებები მიეცათ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სფეროს დიდი დატვირთვა ჰქონდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი. მიმდინარე ეტაპზე კი, საჭიროა ინფექციის კონტროლი და შედეგების შენარჩუნება. ტურიზმის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ზაფხულის სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით ეპიდემიოლოგების მაქსიმალური ჩართვა დაევალა. ასევე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა. დასაქმების სააგენტოს დაევალა მოსახლეობის ინფორმირება კომპენსაციის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

დავალებები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც მიიღო – ბიზნესთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა და რეაგირება, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება. სამინისტრო ასევე მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების ეფექტიანობაც შეაჯამა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სტანდარტები და სამოქმედო გეგმა, რომელთა შესრულება და დაცვა სავალდებულო იქნება „მწვანე ზონებად“ განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაში სამინისტროს ჩართულობის საკითხებიც განიხილეს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი ფართონების უფასოდ დამუშავების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აგროსერვის ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას და ექსტენციის განხორციელებას უზრუნველყოფენ.

ტურისტულ სეზონის მოახლოებასთან ერთად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და განათლების სამინისტრო მუზეუმების, ტურისტული ობიექტების დროულ ადაპტირებას მოახდენენ, ასევე განახლდება სასკოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სფეროს თითოეულ თანამშრომელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც მისი თქმით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არსებული კრიზისის დაძლევაში.