აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს დაავალა, დროულად დასრულდეს ტურისტული სეზონისთვის მზადება, როგორც უშუალოდ ტურისტულ ობიექტებზე, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მისი თქმით, მიმდინარე სეზონისთვის ტურისტული ნაკადი რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზრდება და მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება ტურისტული სეზონისთვის.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. რაც შეეხება გასული თვის მონაცემებს, მხოლოდ აეროპორტის ნაკადების ნაწილში, 60 პროცენტით არის აღდგენილი ნაკადები და 60-ზე მეტი რეისი სრულდება ყოველკვირეულად. ეს არის ძალიან პოზიტიური დინამიკა. თუმცა, ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო აქტიურად რომ მოვემზადოთ, მინდა, ყველა შესაბამის უწყებას ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები, თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება ტურისტული სეზონისთვის, იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ამასთან, 15 ივნისისთვის, მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას, რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითრება“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.