აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექის შედეგად, მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. მეწყერმა საშიშროება შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, ჩაკეტა გზები.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ათამდე ოჯახი საკუთარი სახლებიდან უსაფრთხოების მიზნით გადაყვანილია ალტერნატიულ ფართში.
სტიქიის რამდენიმე კერას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მისი განცხადებით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან სრულად კონტროლდება არსებული სიტუაცია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი სავალი ნაწილი ინტენსიურად იწმინდება. ასევე დატბორილი ტერიტორიებიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.
ხანგრძლივი წვიმის გამო, ადიდებულია მდინარეები. ქობულეთში დაიტბორა გელაურის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ეზოები. მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც არსებულ მდგომარეობას სწავლობს.
თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური ამოტუმბვითი სამუშაოები, სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურები.