აჭარაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დიპლომატიურ კორპუსს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ
აჭარაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვეზე მეტია, მთავრობის სახლთან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, რიგგარეშე არჩევნები კი არის მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებების ხელშეწყობის პარალელურად, ელჩებს ბათუმში აქციების მონაწილეთა მხარდაჭერასაც სთხოვენ.
„ჩვენ გვესმის საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილი და მცდელობა, პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდეს პარლამენტის კედლებში, რადგან ასე ხდება ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში. ვაფასებთ თქვენს კეთილგონიერ და მეგობრულ განზრახვას, პათოსში გეთანხმებით, თუმცა დავსძენთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ იკმარა და ძალაუფლება სრულად მიიტაცა. თავს მოვალედ მივიჩნევთ, მოგმართოთ, მადლობა გითხრათ იმ ძალისხმევისათვის, რომელსაც იჩენთ მუდმივად და გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოუწოდოთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ სივრცეს ახალი არჩევნების დანიშნვით და ჩატარების შეცვლილი ფორმატით“, – ნათქვამია მიმართვაში.