აჭარაში ბოლო ერთ თვეში წითელათი 86 ადამიანი დაინფიცირდა, უმრავლესობა 1-დან 5 წლამდე ბავშვია 
აჭარაში ბოლო ერთ თვეში წითელათი 86 ადამიანი დაინფიცირდა, უმრავლესობა 1-დან 5 წლამდე ბავშვია 

აჭარაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში წითელათი 86 ადამიანი დაინფიცირდა, უმრავლესობა 1-დან 5 წლამდე ბავშვია, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონის მოსახლეობას წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი პრევენციული გზა ვაქცინაციაა.

“მოსახლეობამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებიან და ჩაიტარონ ვაქცინაცია”, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარაში წითელას ვირუსის შემთხვევათა მატება გასული წლის ნოემბრიდან ფიქსირდება. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრის თვეში ვირუსით დაინფიცირდა 86 პაციენტი. დაავადებულთა 80%-ზე მეტს არ აქვს ჩატარებული წითელას საწინააღმდეგო აცრა ან არის არასრულად აცრილი. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წითელას მიმართ რეგიონში შენარჩუნებულია სტაბილურად მაღალი დონე, გასული კვირის განმავლობაში დაფიქსირდა შეტყობინების 27 შემთხვევა.

მათივე ინფორმაციით, ყოველწლიურად რეგიონში აღირიცხება წითელას დაავადების 3-5 შემთხვევა, უკანასკნელი ეპიდაფეთქება რეგიონში, ისევე როგორც მთელს საქართველოში დაფიქსირდა 2013 წელს, როდესაც რეგიონის ტერიტორიაზე დარეგისტრირდა დაავადების 196 შემთხვევა.