აჭარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზაში ჩაერთო
აჭარა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზაში ჩაერთო. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა მოაწერეს ხელი.
პროექტი აჭარაში სოფლის განვითარების კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამონაწილეობა 230 ათას ევროს შეადგენს.
„დღეს გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად ხელი მოვაწერეთ ENPARD 3-ის ხელშეკრულებას, რომელიც აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს არის 10 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც საოჯახო მეურნეობების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ სოფლის, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ პრიორიტეტს ემსახურება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
2018-2022 წლებში ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება მიმართული იქნება სოფლად არაფერმერული ეკონომიკის განვითარებაზე და სოფლის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.