აბიტურიენტები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთან ერთად იყვნენ საგამოცდო ცენტრში, გამოცდებში მონაწილეობას განაგრძობენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აბიტურიენტები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთან ერთად იყვნენ საგამოცდო ცენტრში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას განაგრძობენ.
„ძალიან მარტივი მოსაძიებელია ის კონტაქტები, რომელიც მასთან ახლოს იყვნენ საგამოცდო ცენტრში. ამ შემთხვევაში, გამოვიყენებთ იზოლაციის წესს, მაგრამ მათ ხელშეწყობა ექნებათ იმისთვის, რომ გააგრძელონ ტესტირების საშუალებით გამოცდებში მონაწილეობა. მონიტორინგი ძალიან ინტენსიური იქნება.
ამდენად, ყველა ეს ბავშვი გამოცდებში მონაწილეობას გააგრძელებს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საგამოცდო პროცესში შვიდ ივლისს მონაწილეობდა. ცხრა აბიტურიენტი, რომელიც მასთან იყო კონტაქტში, ამჟამად დაკვირვების ქვეშ, საკარანტინო სივრცეში იმყოფება და ყოველი გამოცდის წინ „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდება.