აბაშაში, მე-10 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბაშაში, მე-10 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ მიჰყვება ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში აბაშის საკრებულოს წევრი ლეონტი ნადარეიშვილი.