აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება დღეს დილიდან სრულად აღუდგა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, საავარიო და ტექნიკური ჯგუფების, რამდენიმედღიანი, 24-საათიანი მუშაობის შედეგად ქსელის დაზიანებით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია და ადგილობრივ მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
სამუშაოების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.
აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამოც აბაშასა და მიმდებარე სოფლებს – მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება რამდენიმე დღით შეუწყდა.
„ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება ამ დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ხდებოდა.
მოსახლეობას წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით სმს შეტყობინება წინასწარ დაეგზავნათ“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.